დავითიანნი | ვაჩნაძიანის კომპლექსთან არსებული ტაძრის ჩრდილოეთ ნაწილი მთლიანად განადგურებული და დანგრეულია
2922
post-template-default,single,single-post,postid-2922,single-format-standard,ajax_fade,page_not_loaded,,select-theme-ver-3.4,wpb-js-composer js-comp-ver-4.12.1,vc_responsive
 

ვაჩნაძიანის კომპლექსთან არსებული ტაძრის ჩრდილოეთ ნაწილი მთლიანად განადგურებული და დანგრეულია

ვაჩნაძიანის კომპლექსთან არსებული ტაძრის ჩრდილოეთ ნაწილი მთლიანად განადგურებული და დანგრეულია

9 ივლისს დავითიანნის კულტურული მემკვიდრეობის წევრები ექსპედიციით იმყოფებოდნენ გურჯაანის რაიონში. მათ მოინახულეს როგორც საკულტო, ისე საერო ნაგებობები და ამავე დროს სასახლეებიც. აი რას გვიამბობენ ექსპედიციის წევრები: უპირველესად უნდა აღინიშნოს ვაჩნაძიანის კომპლექსი, სადაც შემორჩენილია სასახლის დიდი ნაწილი. მის მახლობლად, რამდენიმე მეტრის მოშორებით კი სამეკლესიანი ბაზილიკა, რომელიც ასევე საკმაოდ კარგადაა შემონახული. მით უფრო თუ გავითვალისწინებთ სამეცნიერო ლიტერატურაში მიღებულ ტაძრის აშენების თარიღს IX-X სს.

ტაძარი, როგორც უკვე აღინიშნა, სამეკლესიანი ბაზილიკის ტიპისაა. ცენტრალურ ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს, დასავლეთის და სამხრეთისა, რომლებიც ერთმანეთს ტაძრის გარშემო მოწყობილი გალერეა-გარშემოსავლელით უკავშირდებიან. მნიშვნელოვანია და საინტერესო, რომ ჩრდ. ეკლესია ცენტრალურისაგან იზოლირებულია და იქ მხოლოდღა გალერეის საშუალებითაა შესაძლებელი მოხვედრა. ამჟამინდელი მდგომარეობით იმის ვარაუდიღა შეგვიძლია, რომ შესასვლელი ჩრდილოეთ ეკლესიაში ჩრდილოეთის მხრიდანვეც იქნებოდა, მაგრამ ახლა ამის გარკვევა უკვე წარმოუდგენელია, რადგან ნაგებობის ეს ნაწილი მთლიანად დანგრეულია. ჩრდილოეთ ნაწილი ტაძრისა მთლიანად განადგურებულია, შემორჩენილია მხოლოდ კამარის მცირე ნაწილი, მისი დასაწყისი ჩრდ. კედელზე და ჩრდილო-აღმოსავლეთით კი მართკუთხა შვერილია დარჩენილი, რომლის ორგანულობის დადგენა ამ ნაგებობის ფარგლებში ასევე ძნელია. ეს ნაწილები სავარაუდო სახესაც კი ვერ წარმოგვიდგენს ნაგებობის მოცემული ნაწილისა. დაცულობის მხრივ, შედარებით უკეთესი მდგომარეობაა სამხრეთ ტაძარში, სადაც კედლები დგას კამარის ნაწილებითურთ, მაგრამ ირგვლივ და თავად ტაძარში ჩამოშლილ ნაწილებზე ამოსული მცენარეული საფარი ამ, შემორჩენილ ნაწილებსაც არ უქადის დიდი ხნის არსებობას.

ტაძარზე რამდენიმე წლის წინ ჩატარდა რესტავრაცია, თუმცა მაინც უნდა აღინიშნოს, რომ მასზედ ყურადღების, ან რაიმე სამუშაოს კვალი რთულად თუ შეინიშნება.

ამ აზრით, კიდევ უფრო, მძიმე მდგომარეობაშია ტაძრის სამხრეთ-დასავლეთით, სიგრძივად გაშლილი „პალატები“, სასახლე, რომელიც არ არის სამეცნიერო ლიტერატურაში შესწავლილი.

რიყის ქვის წყობა, მძლავრი კედლები, მეორე სართულის ღია თაღები, რამდენადმე საინტერესო და თავისებური გეგმარება. ეს ის დეტალებია, რისი ნახვის საშუალება-დაკვირვებასაც ირგვლივ და თვითონ ძეგლზე გაზრდილი „ჯუნგლები“ გვაძლევს. მოცემული ელემენტები ძალზე მწირია საიმისოდ, რომ რაიმე კონკრეტული დასკვნა გაკეთდეს, გარდა ერთისა, სასწრაფოდ უნდა მოხდეს, ჯერ მისი გაწმენდა მცენარეული საფარისგან და შემდგომ კედლის ძირითადი მასების გამაგრებაა აუცილებელი, რათა უკვე სასწაულით შემორჩენილი ნაწილებიც არ დავკარგოთ.

მეორე პუნქტი, რომელიც ჩვენ მოვინახულეთ ვაჩნაძიანთან ახლოს, რამდენიმე კილომეტრის მოშორებითაა. ეს ამიდასტურის სამეკლესიიანი ბაზილიკაა VI –VII საუკუნეების. მისი რესტავრაცია 2006-2007 წლებში ჩატარდა და ამრიგად მას არავითარი სერიოზული საფრთხე არ ემუქრება. თავად ნაგებობაზე რაც შეიძლება ითქვას ისაა, რომ იგი კახეთში ძალზე გაბატონებული ბაზილიკების რიგს მიეკუთვნება. კერძოდ, სამმხრივი ღია გალერეა თაღებითა და სვეტებით გახსნილი, ცენტრალურ ნავში სამი შესასვლელით.

აქ უფრო საინტერესო, ტაძრის სამხრეთ-აღმოსავლეთით შემორჩენილი ნაგებობების კვალია, რომელთა ნაწილიც იქ ჩატარებული (2006- 2007) არქეოლოგიური გათხრების დროს გამოჩნდა, ამ ნაგებობათაგან ერთია, ცალკე მდგომი აკლდამა, მართკუთხა ფორმის. დასავლეთით კარითა და კამარითურთ, რომლის ინტერიერიც ორი თანაბარი ზომის ნაწილებად იყოფა, შუაში ამოზიდული კედლის შვერილის- გამო. ეს, რაღა თქმა უნდა, ტრადიციული აკლდამის მოწყობაა, შუაში მიცვალებულის დასასვენებელი შვერილით. მეორე, მსგავსი სამარხის თავზე ოქტოგონალური ფორმის ტაძარი დგას, აღმოსავლეთით შვერილი აფსიდითა და ტრაპეზის ქვით, დანარჩენი სამივე შვერილი მართკუთხა ფრმისაა, მცირედ ჩაკვეთილი. ნაგებობები შესასწავლია და სავარაუდოდ სარესტავრაციოც, ვინაიდან ტაძრის თითქმის ყველა მონაცემია ადგილზე. აღსანიშნავია, რომ ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოების დროს გაითხარა რამდენიმე სამარხი, აკლდამაში აღმოჩნდა რამდენიმე ათეული ბერის ძვლები და სპილენძის ჯვრები. ხოლო ირგვლივ სხვადასხვა საყოფახცხოვრებო ნივთები.

ძალზე საინტერესო და სრულიად გამოუკვლეველ ძეგლს წარმოადგენს ჩვენს მიერ ნანახი ნადარბაზევის „სასახლე“. რთული გარემო პირობების, მძლავრი მცენარეული საფარის ფონზე მოხერხდა ნაგებობების ძირითადი მასების მონიშვნა, რომლებიც ორი განყოფილებითაა წარმოდგენილი, ისინი ერთმანეთს არიან მიბჯენილნი, მაგრამ მათ შორის მაკავშირებელი ღიობი არ არის. ორივე ამ მართკუთხა ფორმის დარბაზს შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. ამათგან დასავლეთისას კიდევ აქვს კარი ჩრდილოეთით გამავალი, ხოლო აღმოსავლეთის დარბაზი ყრუა. სამწუხაროა, რომ კედლების არსებული სიმაღლეები ყველგან არ იძლევა სარკმლების ადგილის განსაზღვრის საშუალებას, თუმცა ერთგან მაინც არსი შემორჩენილი. კედლების ზედა ნაწილებში ღრმა ფოსოები მეორე სართულის არსებობას გვავარაუდებინებს. დასასრულ, აუცილებელია ძეგლის გაწმენდა მცენარეებისაგან და ზედ ამოსული დიდი ხეებისაგან. შემდგომ კი შესასწავლი და გამოსაკვლევია.

დარბაზული ეკლესია, რომელიც გურჯაანში ყველაწმინდას მახლობლად სასაფლაოზე ვინახულეთ, ასევე რთულ მდგომარეობაშია. მცირე ზომის მინიატურულ ნაგებობას ჩამოშლილი აქვს კამარა და დასავლეთი ნაწილი, არსებული წყობა და სივრცის რაგვარობა გვავარაუდებინებს, რომ ძეგლი არაუგვიანეს XI საუკუნისა უნდა იყოს. მის აღმოსავლეთით XIX საუკუნის გუმბათიანი ტაძარია აგურით ნაგები, დაცულობის მხრივ საკმაოდ კარგ მდგომარეობაში. სულ ბოლოს გურჯაანის VIII-IX საუკუნეების ორუმბათიანი ტაძარი ვინახულეთ. ეს გარდამავალი ხანის ერთ-ერთი გამორჩეული და უნიკალური ძეგლია, რომელშიც თავმოყრილია ქართული ხუროთმოძღვრების მთელი გამოცდილება, ერთმანეთს შეთავსებულია სამნავიანი, სამეკლესიიანი და გუმბათური ნაგებობების მახასიათებლები.