დავითიანნი | “დავითიანნი“ კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას დანაშაულებრივად აფასებს და საზოგადოებას სწრაფი რეაგირებისკენ მოუწოდებს
3321
post-template-default,single,single-post,postid-3321,single-format-standard,ajax_fade,page_not_loaded,,select-theme-ver-3.4,wpb-js-composer js-comp-ver-4.12.1,vc_responsive
 

“დავითიანნი“ კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას დანაშაულებრივად აფასებს და საზოგადოებას სწრაფი რეაგირებისკენ მოუწოდებს

“დავითიანნი“ კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას დანაშაულებრივად აფასებს და საზოგადოებას სწრაფი რეაგირებისკენ მოუწოდებს

a

ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანნი აქტიურად ადევნებდა თვალ-ყურს საყდრისის მაღაროს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, მის ყველა ეტაპზე. იმედი გვქონდა, რომ პრობლემის გადაწყვეტა მოხდებოდა გონივრული გზით. ამ დრომდე თავს ვიკავებდით მკვეთრი პოზიციის დაფიქსირებისა და განცხადებების გაკეთებისგან, რადგანაც კარგად ვაცნობიერებდით, რომ ერთი მხრივ იდგა უძველესი ქართული ისტორიული ძეგლის ხელყოფის საშიშროება, მეორეს მხრივ კი კერძო კომერციული ინტერესები და დასაქმებული ადამიანების უფლებები.

სამწუხაროდ, როგორც ირკვევა აღნიშნული პრობლემა გადაწყდა ცალმხრივად და უპასუხისმგებლოდ. კულტურის სამინისტრომ, კომპანია RMG gold-ს, საკითხის მართლზომიერად შესწავლის გარეშე, მისცა სამუშაოების გაგრძელების უფლება იმ მოტივით, რომ საყდრის-ყაჩაღიანში ოქროს უძველესი მაღაროს არსებობა არ დასტურდება. არგუმენტი მხოლოდ აღნიშნული განცხადებაა. მივიჩნევთ, რომ გადაწყვეტილება ნაჩქარევად არის მიღებული და სასწრაფო გადახედვასა და ადეკვატურ რეაგირებას საჭიროებს.

RMG gold -სთვის კულტურის სამინისტროს მიერ წაყენებული ერთ-ერთი პირობა არის ის, რომ საერთაშორისო მასშტაბის ექსპერტებსა და სპეციალისტებს ექნებათ საშუალება მონიტორინგი განახორციელონ იმ სამუშაოებზე, რომელსაც ინვესტორი უახლოეს პერიოდში განახორციელებს. ამ ფონზე, ჩვენ გაუგებრად მიგვაჩნია, თუ რატომ არ იქნა გათვალისწინებული და მხედველობაში მიღებული ისეთი საერთაშორისო მასშტაბის ექსპერტის განცხადებები, როგორიც მაგალითად, პრუსიის კულტურული მემკვიდრეობის ფონდის პრეზიდენტი პროფესორი ჰერმან პარცინგერია და რომელიც სამინისტროს მოუწოდებდა ობიექტზე შეჩერებულიყო სამუშაოები, ვიდრე საკითხი სრულად გაირკვეოდა. იგივე პოზიცია დაიჭირა ბოხუმის რურის უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა ელმარ ვაილერმაც და გერმანიის არქეოლოგიის ინსტიტუტის პროფესორმა სვენდ ჰანსენსმა. ისე გამოდის, რომ ერთის მხრივ მართებულია კულტურის სამინისტრო და კომპანია RMG gold და მეორეს მხრივ მცდარია, ამ დარგის საერთაშორისო დონის ექსპერტების, პროფესორების, ასევე ადგილობრივი მეცნიერებისა და საზოგადოების დიდი ნაწილის ინტერესები. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ჩვენს მიერ დასახელებული პიროვნებები არ მოღვაწეობენ საქართველოში და შესაბამისად არ ამოძრავებთ კერძო ინტერესი, გარდა მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა, რომელსაც შესაძლებელია საქართველო ფლობდეს.

თუნდაც მხოლოდ ის ფაქტი, რომ საყდრისის თემამ გავლენიანი უცხოური ორგანიზაციებისა და მეცნიერების ამგვარი გამოხმაურება გამოიწვია, კულტურის სამინისტროს ვალდებულს ხდიდა, ჩაეტარებინა საფუძვლიანი კვლევა ამ ისტორიულ ტერიტორიაზე, კვალიფიციური ექსპერტების ჩართულობით და მხოლოდ ამის შემდეგ მიეღო გადაწყვეტილება. საზოგადოება გაურკვევლობაშია, არ არსებობს ლოგიკა და არგუმენტები.

ბევრ კითხვას ბადებს ის ფაქტიც, რომ ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება სამინისტრომ მაშინ გაახმაურა, როდესაც მინისტრი შვებულებაში გახლდათ და შესაბამისად, განხილვების დასკვნით ეტაპში პირადი მონაწილეობა არ მიუღია.

„დავითიანნი“ მიმართავს ახალგაზრდებს აქტიურად დაინტერესდნენ ამ თემით. გაერკვიონ საქმის ვითარებაში და მიიღონ ყველა ზომა, რომ დავიცვათ ჩვენი სიმდიდრე, ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა და არ მოვეკიდოთ უპასუხისმგებლოდ ასეთ უმნიშვნელოვანეს საკითხებს.

დავითიანნი მოუწოდებს ასევე საქართველოს პრემიერ მინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილსა და პრეზიდენტს ბატონ გიორგი მარგველაშვილს, რომ პირადად დაინტერესდნენ ამ საკითხით. მოგმართავთ თხოვნით, რომ გადაწყვეტილებები იყოს არგუმენტირებული და გასაგები ყველასთვის. ვიდრე საკითხი გაირკვევა, მიღებულ იქნას ზომები, დაუყოვნებლივ გაჩერდეს სამუშაოები და ობიექტის მიზანმიმართული დაზიანება.

ჩვენის მხრივ, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არ იქნას დაშვებული გამოუსწორებელი შეცდომა. იცვლებიან ხელისუფალნი, მაგრამ მსგავსი სახის შეცდომა, თუ ეს დაშვებულ იქნა, – ვერ გამოსწორდება. ჩვენ ვგრძნობთ პასუხისმგებლობას ჩვენი ქვეყნის, მომავლის წინაშე. დღეს შესაძლოა თაობებს უდიდესი მნიშვნელობის კულტურული ძეგლი გაუნადგურდეს, რომელსაც მსოფლიო სერიოზული კვლევის ობიექტად აღიარებს.